შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ატენის ხეობაში დარჩენილია ხანძრის ერთი კერა, ოთხი სრულად არის ლიკვიდირებული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ატენის ხეობაში დარჩენილია ხანძრის ერთი კერა, ოთხი სრულად არის ლიკვიდირებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძრის ხუთი კერიდან დარჩენილია ერთი კერა, ოთხი კერა კი სრულად ლიკვიდირებულია.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობითი სამუშაოები ატენის ხეობაში დარჩენილ კერაზე დილით გაგრძელდება.

„მთელი დღის განმავლობაში ატენის ხეობაში უწყვეტად მიდიოდა ხანძრის ქრობა. როგორც ცნობილია, ხუთი კერიდან დარჩენილია ერთი კერა, ოთხი არის სრულად ლიკვიდირებული. ეს ერთი კერა ხასიათდება რთული რელიეფით, თუმცა მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოხერხდა გზის სრულად გაჭრა, რამაც საშუალება მისცა სახანძრო სამაშველო მანქანებს მისულიყვნენ ბოლომდე, ხანძრის კერამდე.

ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობს 60-მდე მეხანძრე მაშველი, ასევე ორი დღის განმავლობაში ვერტმფრენებმა განახორციელეს 57 გაფრენა და წერტილოვანი წყლის დასხმები ხანძრის კერებზე.

დილიდან განახლდება ხანძრის ქრობითი სამუშაოები. თუ საჭირო გახდება ვერტმფრენები ისევ იქნება ამოქმედებული“,- განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.