შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.
თამარაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.