შსს-ს გენინსპექციამ შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან დაიწყო თანამშრომლობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში მიმდინარეობს სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმები, რათა ის უფრო ეფექტურ, გამჭვირვალე და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მიმართულება საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარებაა. ამ მიზნით, გენერალური ინსპექციის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაცია – „შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის“ ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებს პოლიციის საქმიანობის მონიტორინგის თეორიები და პრინციპები გააცნეს.

სემინარი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა. განხილული იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, არსებული რეალობა და გამოწვევები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეხვედრა შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლობის დასაწყისს წარმოადგენს.