შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელის მხრიდან შესაძლო გადაცდომაზე 11740 განცხადებიდან, 1994 დარღვევა დაადასტურა
შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელის მხრიდან შესაძლო გადაცდომაზე 11740 განცხადებიდან, 1994 დარღვევა დაადასტურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში, პოლიციელის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 11 740 განცხადება დაფიქსირდა.

პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე წლის სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა. ტენდენცია იდენტურია – პოლიციელის დარღვევაზე მოქალაქეებისგან და სტრუქტურებისგან დაფიქსირებული შესაძლო გადაცდომის ფაქტების უდიდესი ნაწილი, უწყების გენინსპექციისგან არ დადასტურდა.

2017 წლის განმავლობაში მიღებული განცხადებებიდან შსს-ს გენინსპექციამ დარღვევა მხოლოდ 1994 შემთხვევაში დაადასტურა. 11 740 ცნობიდან, გენინსპექციამ არ დაადასტურა ან შესაბამის სტრუქტურაში გადაამისამართა 10 ათასამდე ინფორმაცია.

დადასტურებული 1994 დისციპლინური გადაცდომის შედეგად კი, სამსახურიდან დაითხოვეს 175 სამართალდამცველი, თანამდებობას  ჩამოაშორეს 7, თანამდებობიდან გადააყენეს 6, ჩამოაქვეითეს 5, სასტიკი საყვედური ეთქვა 363 სამართალდამცველს, საყვედური, ან შენიშვნა გამოეცხადა 822 მათგანს, ხოლო შედარებით მსუბუქი სანქცია დაწესდა 616 შემთხვევაში.