შსს - რუსთაველზე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, შსს მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაათავისუფლოს ტერიტორია
შსს - რუსთაველზე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, შსს მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაათავისუფლოს ტერიტორია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წინა დღეების მსგავსად, აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში.

„კერძოდ, მოძალადე ჯგუფის წევრები პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს, ქვებს, შუშის ბოთლებს და პიროტექნიკას. ამასთან, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით აშკარად ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთით, რომლებსაც აქტიურად იყენებენ პოლიციის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაწყებისთანავე გაავრცელა შესაბამისი მოწოდება ორგანიზატორებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.