შსს - ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შსს - ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის დასაკავებლად აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, 1973 წელს დაბადებული მ. ც.-ს მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ასევე დადგინა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.

შსს გამოძიებას განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებს.

ქობულეთში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული დღეს იპოვეს.