შსს-მ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ორი პირი დააკავა

17:13, 24.11.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი