შსს-მ თბილისში „გალფის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ თბილისში „გალფის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ვ., ყაჩაღობის ბრალდებით, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 100 მეტრში, მიმალვის მცდელობისას დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კომპანია „გალფის“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 500 ლარი გასტაცა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოკითხვისას გ.ვ.-მ მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული აღიარა. მისივე განაცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში, სანზონაში მდებარე „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზეც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, სადაც ოპერატორს, ასევე, დანის მუქარით 300 ლარი გასტაცა“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.