შსს-მ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
„გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
გარდა ამისა, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, დაკავებულია სირიის მოქალაქე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამმართველოს – „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უზბეკეთის ერთი და თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
„უზბეკეთის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას სხვისი პასპორტით ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
რაც შეეხება თურქეთის 2 მოქალაქეს, ისინი ყალბი ბულგარული სამგზავრო პასპორტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.