შსს-მ ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ოფისის ფანჯარაზე გაკრული ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა
ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ოფისის ფანჯრის მინაზე გაკრული ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის ფანჯრის მინაზე გაკრული ბანერი უცნობმა პირმა დააზიანა. შეტყობინების ინიციატორი იყო პარტია „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე.
სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს შემოსულ შეტყობინებაზე და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების საფუძველზე, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ამხილა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ., რომელმაც პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის შენობის ფანჯრის მინაზე გაკრულ ბანერს აგური ესროლა და დააზიანა. ასევე, დადგენილ იქნა, რომ მიყენებული ზარალი 80 ლარს შეადგენს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მხილებული პირის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქმის მასალები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა, მ.გ.-ს მიერ ჩადენილი ქმედების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტად განხილვის მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.გ.-ს მიერ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა.