შსს-მ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შსს-მ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შსს-მ 1990 წელს დაბადებული ი. ბ., 1992 წელს დაბადებული ზ.ტ. და 1990 წელს დაბადებული გ.გ., ქურდობის ბრალდებით, წალკაში დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარაბდა-კარწახის რკინიგზის სადგურ „ნინოწმინდაში“, გაჩერებული დრეზინიდან სპილენძის საკონტაქტო სადენები მოიპარეს, რითაც კომპანია „ATEF GEORGIA“-ს 4324 ლარის ზარალი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე, წალკის გასასვლელთან დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც დაკავებულები გადაადგილდებოდნენ, ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.