შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში 13 პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, დაბა ურეკში, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.