შსს-მ დააკავა მამაკაცი, რომელმაც, გამოძიების ცნობით, მოქალაქეს წლების განმავლობაში 180 000 ლარამდე გამოსძალა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი., გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი. თბილისში, 1958 წელს დაბადებულ ტ.ლ.-ს, მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წლების განმავლობაში ფულს სისტემატურად სძალავდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი დაახლოებით 180 000 ლარია.
„სამართალდამცველებმა ა.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც მან ტ.ლ.-ს მისივე კუთვნილი ლომბარდიდან თანხის გამოტანა აიძულა და ფული გამოსძალა.
გამოკითხვისას ტ.ლ.-მ პოლიციას ასევე განუცხადა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის ივნისში დააყაჩაღა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება გამოძალვისა და ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.