შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა
შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა.

დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორდავა ცოტა ხნის წინ პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად აირჩია.

ნინო ცაციაშვილი 1986 წელს დაიბადა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა. 2007-2010 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2017 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2017-2018 წლებში საქმიანობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიწვეულ ლექტორად;
2016 წლიდან მუშაობს ტრენერად შემდეგი მიმართულებებით: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, გამოძიების ელექტრონული პროგრამა, სასამართლო უნარ-ჩვევები, საპროცესო დოკუმენტების შედგენა;
2016-2018 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მიწვეულ ტრენერად;
2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი;
2014-2015 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად;
2009-2014 წლებში მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პროკურორის პოზიციაზე;
2007-2008 წლებში იყო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი;
2009-2019 წლებში, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში მონაწილეობდა 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სასწავლო ვიზიტში, ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის: “სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები” (2017 წელი – დიდი ბრიტანეთი); “მოწმისა და დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა” (2017 წელი – ყაზახეთი); “ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და კვლევის მეთოდოლოგია” (2016 წელი – საქართველო);
ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული დისტანციური სწავლების HELP-ის პლატფორმით გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი (2017 წელი) და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე სწავლების პროგრამა (2016 წელს).
ასევე, გავლილი აქვს სპეციალური სწავლება “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა” (2015 წელი); ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.