შსს - ბათუმში ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა
შსს - ბათუმში ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა

ბათუმში ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებააშია აღნიშნული.

„ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან, მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. ყველა დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.