შსს - არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში პოლიცია მობილიზებული იყო პარლამენტის შენობის წინ და უზრუნველყო საპროტესტო აქციის მშვიდობიანად წარმართვა.
„საღამოს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამასთანავე, შეკრებილების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის სამართალდამცველთა მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას.
აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც პოლიციამ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.