შსს - აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ გზა, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში
შსს - აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ გზა, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

კანონის თანახმად, შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ გზა, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი.

აქციის მონაწილეთა მიერ საავტომობილო გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ გზა, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.