შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების სტრატეგია დამტკიცდა

15:27, 30.12.2019

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ,,საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია“ დამტკიცდა.

დოკუმენტში, მომდევნო წლების განმავლობაში განსახორციელებელი სისტემური და სტრატეგიული რეფორმები, ასევე, ღონისძიებებია გაწერილი.

2019-2023 წლების სტრატეგია ოფიციალურად დღეს დამტკიცდა, თუმცა მისი განხორციელება უკვე დაწყებული იყო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სტრატეგია ასახავს კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს შრომისა და დასაქმების, შრომითი მიგრაციის, განათლების, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის და სამეწარმეო-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

დოკუმენტშია გაწერილი, რომ დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მოხდება სამუშაო ძალაზე მოთხოვნის სტიმულირება, სამსახურის მაძიებელი პირის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება, მიზნობრივი, სოციალური და ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკით შრომის ბაზარზე მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა; შემცირდება შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა, ასევე შემცირდება არალეგალური შრომითი მიგრაციის მასშტაბები, განხორციელდება კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები.

უწყების განცხადებით, დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადამიანური კაპიტალისა და პროდუქტიულობის განვითარებას, ასევე მუდმივი განათლების ხელშეწყობას, რაც სამუშაო ძალას დაეხმარება, დააკმაყოფილოს სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები და დარჩეს კონკურენტუნარიანი.

სტრატეგიის განხორციელების მიზნით იქმნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

„ახალი მოდელის მიხედვით, ინდივიდუალურის გარდა, განხორციელდება ჯგუფური კარიერული კონსულტაცია. გაძლიერდება სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაინერგება პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა. განახლდება შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა. მოხდება შრომის კანონმდებლობის სრულყოფა ევროკავშირის და ILO-ის სტანდარტებთან. შრომის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექცია,“ – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობის და საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყანასთან შეთანხმებები გაფორმდება.

მსგავსი