„შრომის კოდექსში“ ცვლილების შესახებ მსჯელობა ჯანდაცვის კომიტეტში დღეს გაგრძელდება
„შრომის კოდექსში“ ცვლილების შესახებ მსჯელობა ჯანდაცვის კომიტეტში დღეს გაგრძელდება

„შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ მსჯელობას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს გააგრძელებს.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა გუშინ დროის სიმცირის გამო ვერ დასრულდა. კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ განხილვისას ყურადღება შრომის ინსპექციის როლზე გამახვილდა.

ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დეკრეტული შვებულების საკითხებს, ასევე დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის მექანიზმებს მოიცავს.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე უნდა განისაზღვროს სამუშაო დროის რეგულირების საკითხი.

„საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტი პლენარულ სესიაზე, სავარაუდოდ, ხვალ გავა.

„ცვლილებები არის ბევრი, არის დისკრიმინაციის მიმართულებით, დეკრეტული შვებულების, სამუშაო დროის რეგულირების, ზეგანაკვეთურის ანაზღაურების კუთხით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, არის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის მექანიზმები. არის კითხვები, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოითქვა ბიზნეს ასოციაციებიდან. შრომის ინსპექციის მიმართ აქვთ კითხვები. მე ვფიქრობ, რომ ინსტიტუტი თუ არსებობს, მას უნდა ჰქონდეს მანდატი. სხვა შემთხევაში, უბრალოდ, ფიქცია იქნება და აზრი არ აქვს კანონის მიღებასაც“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.