შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს გააცნობენ
შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს გააცნობენ

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს დღეს სამუშაო შეხვედრაზე გააცნობენ. მთავარი თემა, რომელსაც მხარეები განიხილავენ, სამუშაო და დასვენების დროის რეგულირების საკითხია.

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტის ინიციატორის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრების მიზანია, სამუშაო გარემოში ცვლილებებთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და პოზიციების დაახლოება მოხდეს.

„არსებობს საჭიროება რეფორმის, არსებობს საჭიროება გარკვეული რეგულაციების, რომელიც ეტაპობრივად ქვეყანაში უნდა ინერგებოდეს, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მხარეები, დამსაქმებლის და დასაქმებულის წარმომადგენლები თანხმდებოდნენ გარკვეულ კონსენსუსზე. ამ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ შრომითი ურთიერთობების კულტურა ქვეყანაში ამაღლდეს. კანონი ერთია თავისთავად, მაგრამ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს შრომითი კულტურის ამაღლება. ამაში ჩვენ გვჭირდება მხარეთა თანხმობა. შეხვედრა იქნება ორიენტირებული ერთ-ერთ ბლოკზე ამ რეფორმის. ეს არის სამუშაო დროის რეგულირება, რომელმაც განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთის მხრივ პროფკავშირები ითხოვენ , რომ მკაცრი რეგულირება მოხდეს, მეორეს მხრივ ბიზნესაცოციაცია ამბობს, რომ ეს რეგულაცია შეიძლება, დამაზიანებელი იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შრომის კოდექსი გაუმჯობესდება და დაიხვეწება. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს შრომის კოდექსის მოთხოვნების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნას.