დიმიტრი ცქიტიშვილი - პოზიციები გარკვეულწილად ყველამ უნდა დათმოს და მოთოკოს, რათა შრომის უკეთესი კანონმდებლობა მივიღოთ
დიმიტრი ცქიტიშვილი - პოზიციები გარკვეულწილად ყველამ უნდა დათმოს და მოთოკოს, რათა შრომის უკეთესი კანონმდებლობა მივიღოთ

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები დაინტერესებულ მხარეებს ხვდებიან. ბიზნესს ასოციაციების, პროფკავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კანონპროექტის იმ ნაწილზე იმსჯელებენ, რომელთა შესახებაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტის ინიციატორის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი მოსაზრებათა გაჟღერება და პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებაა.

„გვჭირდება ერთის მხრივ დასაქმებულების ინტერესების, მეორეს მხრივ კი დამსაქმებლების მოსმენა, მათი პოზიციების დაახლოება, რადგან შრომით ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციების გზით. რამდენად შესაძლებელია ხედვების შეჯერება, ამას გვანახებს ეს დღეები, როცა ჩვენ გვექნება განხილვები. რაც შეეხება კომუნიკაციის ნაკლებობას, რაზეც ბიზნესი საუბრობს, ეს არის ჩვეულებრივი პოზიციონირება, რომელიც არ არის სწორი. სწორი არის კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა, საინტერესო პოზიციების გამოთქმა თუ როგორ გავაუმჯობესოთ შრომითი გარემო ქვეყანაში. არ ვთმობ არაფერს, მინდა პროცესი წარვმართო, როგორც მედიატორმა. აქ არიან პროფკავშირების, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, სხვადასხვა ბიზნესს ასოციაციები და ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, რომლებიც შრომით უფლებებს დაიცავს და რაც მთავარია, ეს უნდა მოემსახუროს ბიზნესის განვითარებას, რადგან უფრო დაცული დასაქმებული უფრო პროდუქტიულ თანამშრომელს ნიშნავს. რა თქმა უნდა, როდესაც კონსესუსზეა საუბარი, არც ერთი მხარე ბოლომდე ბედნიერი არ შეიძლება დარჩეს, მაგრამ ყველამ გარკვეულწილად პოზიციები უნდა დათმოს და მოთოკოს, ჩვენ საბოლოოდ უნდა მივიღოთ უკეთესი კანონმდებლობა, რათა დავიცვათ ჩვენი დასაქმებულები და ამავე დროს, შეიქმნას ჯანსაღი გარემო ბიზნესისთვის”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ფორმატში კიდევ სულ ცოტა ოთხი შეხვედრა გაიმართება. დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, იმედი აქვს, საბოლოოდ მხარეები პოზიციებს შეაჯერებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შრომის კოდექსი გაუმჯობესდება და დაიხვეწება. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს შრომის კოდექსის მოთხოვნების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნას.