შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში საჯარო შეხვედრა იმართება
შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში საჯარო შეხვედრა იმართება

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე მსჯელობენ. შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში ეს რიგით მეორე საჯარო შეხვედრაა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი დაინტერესებულ მხარეებთან განიხილავს კოდექსში შესატან ცვლილებებს. დისკუსიის მთავარი თემა შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა და ქალთა უფლებების გაძლიერება, ასევე, დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირებაა.

ცქიტიშვილის თქმით, კერძო სექტორის დეკრეტული შვებულების პირობები უნდა დაუახლოვდეს საჯარო სექტორში მოქმედ პირობებს, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კერძო სექტორში დასაქმებულის დეკრეტული შვებულება ხელფასის 80%-ით.

დეპუტატის განცხადებით, აქვს თუ არა ამის რესურსი სახელმწიფოს, ეს კონსულტაციების საგანია.

„საჯარო შეხვედრების მიზანია, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდეს მხარეთა ფართო მონაწილეობით, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით, რათა მაქსიმალურად დაახლოვდეს პოზიციები და მიღებული იქნას კომპრომისული, პროგრესზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.