შრომის ინსპექციის ინფორმაციით, მათი სახელისა და ლოგოს გამოყენებით სუბიექტებს თანხებს სძალავენ
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, მათი სახელისა და ლოგოს გამოყენებით სუბიექტებს თანხებს სძალავენ

გარკვეული ადამიანების ჯგუფები, შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით, კომპანიებს თანხებს სძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევებში სიფრთხილე გამოიჩინონ.

„სოციალური ქსელის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა ცნობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით, იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს და მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიექტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით, ახდენს სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას.

შემოსულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელების თაობაზე, რაც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ რეაგირებას.

შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას.

ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპეტორი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირისგან მოითხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში, რომელიც შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

დატოვე კომენტარი