შრომის ინსპექციის ინფორმაციით, აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისა და რეგულაციების დარღვევის გამო, სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისა და რეგულაციების დარღვევის გამო, სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ მიმდინარე წლის 10-11 ივნისს 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

კერძოდ, მისი განმარტებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში იმართებოდა ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება, სადაც რეგულაციების უხეში დარღვევით, დიდი რაოდენობით მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

„შრომის ინსპექციამ გამოავლინა დარღვევის ჩამდენი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აკრძალულ ღონისძიებას და დადგენილების შესაბამისად არ განახორციელეს სავალდებულო შეტყობინება.

აღსანიშნავია, რომ დამრღვევი პირები მოქმედებდნენ ერთგვარი სქემის მიხედვით და იჯარის, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სიმრავლის გამოყენებით ცდილობდნენ ფართის გადაცემის რეალური მიზნის შენიღბვას, აკრძალული აქტივობის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნულ ობიექტზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ანალოგიური დარღვევის სამი ფაქტი, რაზეც გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდნენ აქტივობის ორგანიზატორები.

„მიუხედავად წინარე არაერთი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისა, შესაბამისი ინფორმაციის ქონის პირობებში, ამჯერად ფართის მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელების მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა 322-ე დადგენილების მოთხოვნა აკრძალული საქმიანობისათვის ფართის გადაცემისა და შეტყობინების განხორციელების თაობაზე. ყველა კომპანია, თუ ფიზიკური პირი, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ჩართული იყო ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის სქემაში აღმსრულებლის ან თანამონაწილის სახით, დაჯარიმდა კანონით დადგენილი წესით. ხოლო, ობიექტს, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, დარღვევის კრიტიკული შეუსაბამობისა და არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, შეუჩერდა საქმიანობა.

ქვეყანაში გართულებული ეპიდმდგომარეობის პირობებში, შრომის ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეფექტიანი კოორდინაციის გზით, აგრძელებს აქტიურ მონიტორინგს დადგენილებით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ მსგავს სოციალურ ღონისძიებებში. რაც შეეხება ფართის მფლობელთა და სოციალური აქტივობის ორგანიზატორთა მცდელობებს, თავი აარიდონ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამისთვის მრავალფეროვანი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა, თუ ფაქტობრივი გარემოებების დაფარვის გზით, შრომის ინსპექცია კვლავაც უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების აღსრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და გაატარებს სათანადო ღონისძიებებს, რათა მომავალში მაქსიმალურად იქნას აღკვეთილი მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევის ფაქტები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.