შრომის ინსპექციამ ქუთაისში ხუთი სავაჭრო ცენტრი დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ ქუთაისში ხუთი სავაჭრო ცენტრი დააჯარიმა

შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში ხუთი სავაჭრო ცენტრი დააჯარიმა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მიზეზი ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტის დაუცველობის გამო, გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.

ქუთაისში იმყოფება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, რომელიც საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს.

„ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში, ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ, ხუთი სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექცია მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და იმერეთის რეგიონის უფროსი.