შრომის ინსპექცია ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ად ჩამოყალიბდება
შრომის ინსპექცია ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ად ჩამოყალიბდება

მთავრობას წარედგინა პროექტი შრომის ინსპექციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შრომის ინსპექციის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ფერაძის განმარტებით, ამ მხრივ ცვლილების განხორციელება უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის მეტ ეფექტიანობას.

მისივე განცხადებით, იგეგემება შრომის ინსპექციის რეგიონალური წარმომადგენლობის, აგრეთვე, შრომის ინსპექციის სათათბირო ორგანოს –  საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

საბჭოს ფუნქცია მონიტორინგი და წლიური დაგეგმარება იქნება.

„შრომის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის მეტ ეფექტურობას, განსაზღვრავს შრომის ინსპექციის საქმიანობის ძირითადად დებულებას, მიმართულებებს და იმ გარემოებებს, თუ რა სტატუსით სარგებლობს შრომის ინსპექტორი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მათ შორის შევქმნათ შრომის ინსპექციის რეგიონალური წარმომადგენლობა, რაც კანონის ეფექტურად აღსრულებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მაღალი სტანდარტი, შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, შრომის ინსპექციასთან სათათბირო ორგანო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც სამოქალაქო სექტორით, ასევე პარლამენტის, სახალხო დამცველისა და პროფკავშირის, ბიზნესის წარმომადგენლებით. პერიოდულად მოხდება სტრატეგიის განხორციელებისთვის შეფასება, მონიტორინგი, დაგეგმარება მთელი წლის პროცესისა, რომელიც კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბებს მაღალ სტანდარტს, ხელს შეუწყობს გამჭვირვალე პროცესს, ხოლო მეორე მხრივ, უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ინსპექტორთა რაოდენობა 40 საშტატო ერთეულიდან 100-მდე გაიზრდება.

მისივე თქმით, შტატების შევსების შესახებ ვაკანსია უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

„იანვრის თვეში უკვე დამტკიცდა და განსაზღვრულია, რომ 40 საშტატო ერთეულიდან ასამდე გაიზრდება ინსპექტორთა რაოდენობა. ეს მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გარკვეულ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც ხდება განსაზღვრა, თუ რამდენი ინსპექტორი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რათა მოხდეს ეფექტური აღსრულება. უახლოეს პერიოდში უკვე ვაკანსიები გამოცხადდება და ინსპექტორთა რაოდენობა 100 ერთეულამდე გაიზრდება,” – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის განცხადებით, შემუშავდა რისკის შეფასების ერთიანი წესი, რომლის შესახებ მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნებულია.

„დამტკიცდა და უკვე გამოქვეყნდა მინისტრის ბრძანება, ეს არის რისკის შეფასების წესი, რომელიც ასევე სიახლეა. სრულიად ახალი ბრძანებაა, რომელიც ითვალისწინებს საწარმოო ირგანიზაციებში და ნებისმიერი ტიპის დაწესებულებაში რისკის შეფასების ერთიან წესს, რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, მეორე მხრივ დაეხმარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ეფექტურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, შეაფასონ საფრთხე და მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა“,-  განაცხადა ბექა ფერაძემ და დასძინა, რომ პროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.