შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ, სკოლებში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან განახლდება
შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ, სკოლებში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან განახლდება

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ, სკოლებში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან განახლდება. ამის შესახებ შრი-ლანკის განათლების მინისტრმა, აკილა ვირაჯ კარიავასამმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, შრი-ლანკაზე ცხრა ათასი საჯარო სკოლა 6 მაისიდან გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიხსნება. ასევე, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ამავე დროს, სამინისტროში აცხადებენ, რომ 6 მაისიდან შესაძლოა, არ გაიხსნას კათოლიკური სკოლები.
შრი-ლანკის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქვეყანაში საფრთხის დონე კვლავ მაღალი რჩება, რადგან სპეცსამსახურები მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დაწყების წინ მორიგ თავდასხმებს არ გამორიცხავენ. რამადანი 6 მაისს იწყება.

შრი-ლანკის რამდენიმე სასტუმროსა და ეკლესიაზე კოორდინირებული თავდასხმის სერია 21 აპრილს განხორციელდა, როდესაც კათოლიკეები აღდგომას აღნიშნავდნენ. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 257 ადამიანი.