შპს „ავიატორი +“ - ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე კომპანია დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა
შპს „ავიატორი +“ - ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე კომპანია დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა

ყაზბეგში ​ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შპს „ავიატორი +“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ავიატორი +“ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ გაცემული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერთიფიკატის მფლობელი კომპანია. იგი ასევე ფლობს კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. ვერტმფრენი მუდმივად გადიოდა ტექნიკურ დათვალიერებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურების პროგრამის (AMP) შესაბამისად.

მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენმა ბოლო ტექნიკური შემოწმება გაიარა 2019 წლის 22 მაისს.

„შპს „ავიატორი +“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს 6 ივნისს სტეფანწმინდაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის თაობაზე. კომპანიის მენეჯმენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. 6 ივნისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ პილოტის მიერ საფრენოსნო გეგმა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადაეცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. ბორტზე პილოტის გარდა იმყოფებოდნენ “ავიატორი +ის” ფრენების კოორდინატორი და სასტუმრო “რუმსის” თანამშრომელი – შვეიცარი. თავისი სურვილისამებრ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სასტუმროს თანამშრომელს, აქვს უფლება პილოტთან ერთად შეასრულოს არაკომერციული რეისი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პილოტი ილიკო ბაიდაშვილი მაღალკვალიფიციური სამხედრო მფრინავი იყო 20 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილებით. პილოტი ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL) და გავლილი ჰქონდა საფრენოსნო წვრთნები და სწავლებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათვე ინფორმაციით, კომპანია თავის მხრივ დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინაციით, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

„კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია მწარმოებელთან და იგეგმება მათი წარმომადგენლების ვიზიტი უახლოეს მომავალში“, – აცხადებენ კომპანიაში.