„შპიგელი“ – უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმების შემდეგ გერმანიის მთავრობა შიშობს, რომ ომი, შესაძლოა, ბალტიის ზღვაზეც გავრცელდეს

15:00, 29.11.2026

უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმების შემდეგ გერმანიის მთავრობა შიშობს, რომ ომი, შესაძლოა, ბალტიის ზღვაზეც გავრცელდეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.

მათივე ცნობით, ბერლინის სამთავრობო წრეები განსაკუთრებით მას შემდეგ არიან შეშფოთებულები, რაც უკრაინულმა ძალებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსულ სამხედრო გემს დაარტყეს, ბალტიის ზღვაში კი რუსულ ტვირთმზიდს შეუტიეს. გამოცემა წერს, რომ ფედერალურ მთავრობას, დიდი ხანია, ეშინია სცენარის, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ, შესაძლოა, სულ უფრო მეტად გააფართოოს ომი რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ბალტიის ზღვაზე.

„საბრძოლო ზონის ბალტიის ზღვაზე გაფართოება ომის ესკალაციის არაპროგნოზირებად რისკს შეიცავს“, – განაცხადეს გერმანიის უსაფრთხოების წრეებმა.

„შპიგელი“ წერს, რომ გერმანიის მთავრობამ ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა დონეზე მოუწოდა უკრაინულ მხარეს თავშეკავებისკენ. მათივე ცნობით, ბერლინი შიშობს, რომ რუსეთს ბალტიის ზღვაში თავდასხმებზე გაცილებით მკაცრი რეაგირება ექნება და, უარეს შემთხვევაში, ნატო-საც კი დაადანაშაულებს თავდასხმის მოსაწყობად უკრაინელების დახმარებაში.

ცნობისთვის, 23 ნოემბერს უკრაინის იერიშმა დააზიანა და ჩაძირა რუსეთის ერთ-ერთი უახლესი სამხედრო გემი „მერკური“, რომლის ღირებულება დაახლოებით 196 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინამ ასევე დაარტყა რუსულ იარაღის გადამზიდავ გემს, MV ANGARA-ს. მომხდარის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ჯორჯია მელონიმ გამოთქვა ოფიციალური რომის შეშფოთება თავდასხმების გამო და უკრაინის ლიდერს განუცხადა, რომ კიევის ძალებმა „დაარღვიეს ლიბიის სუვერენიტეტი“ და ოპერაცია „კონფლიქტის ხმელთაშუა ზღვაში გავრცელების რისკის ქვეშ აყენებს“.

მსგავსი