„შპიგელი“ – ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა კონფიდენციალური ინფორმაცია სავარაუდოდ აზერბაიჯანში მყოფ აგენტს გადასცა

14:44, 07.10.2026

ჯაშუშობისა და სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნების ბრალდებით დაკავებულმა გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ყოფილმა უფროსმა, აუგუსტ ჰანინგმა კონფიდენციალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში მყოფ აგენტს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს. 

გამოცემის  გამოძიების თანახმად, დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა უკანონოდ მოიპოვა 2000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი და ეს მონაცემები უცხოელ აგენტთან კომუნიკაციისას გამოიყენა. Der Spiegel-ის გამოცემის გამოძიების თანახმად, კონფიდენციალური ინფორმაცია მოპოვების შემდეგ, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში მყოფ კონტაქტს გადაეცა.

გერმანიის პროკურატურის გამოძიების თანახმად, ჰანინგმა საიდუმლო სტატუსის მქონე დოკუმენტები თავისი ყოფილი BND-ის ოფისის მენეჯერის, მანფრედ დ.-ს მეშვეობით მოიპოვა და ისინი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის წერილობითი ანალიზის მოსამზადებლად გამოიყენა.

„შპიგელის“ ცნობით, სავარაუდო კლიენტი აზერბაიჯანელი დაზვერვის ოფიცერი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისიდან ჰანინგი გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის საბჭოს წევრია.

ჰანინგის ადვოკატს ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. BND-ის ყოფილ ხელმძღვანელს ექვსი თვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

6 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის  ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ჰანინგი გერმანიის დაზვერვის უწყებას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.

მსგავსი