„შპიგელი“ – რუმინეთში დაკავებული უკრაინელი მამაკაცი, რომელმაც ბერლინთან, სამალავში იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა, გამოძიების ვერსიით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი აგენტურის ქსელის თანამშრომელია
რუმინეთში დაკავებული უკრაინელი მამაკაცი, რომელმაც ბერლინთან მდებარე სამალავში იარაღი და საბრძოლო მასალები მიიტანა, გამოძიების ვერსიით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი აგენტურის ქსელის თანამშრომელია, – ამის შესახებ „შპიგელი“ წერს.
გერმანული გამოცემის ცნობით, დაკავებული ეჭვმიტანილია შეთქმულების თანამონაწილეობაში, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ტერაქტის მოწყობას ისახავდა მიზნად.
„შპიგელი“ პოლონეთის გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ 24 წლის უკრაინული წარმოშობის მამაკაცი პოლონეთიდან ბერლინში გასული წლის პირველ ოქტომბერს გაემგზავრა და ბერლინის აღმოსავლეთით, გზაზე დატოვებული ორი ამანათი აიღო, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი ეწყო, შემდეგ კი ეს იარაღი ბერლინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერთ-ერთი ტბის სიახლოვეს მოწყობილ მიწისქვეშა სამალავში დატოვა, რის შემდეგაც ის უკან, პოლონეთში დაბრუნდა. მამაკაცი ცოტა ხნის წინ, ბუქარესტში სხვა უკრაინელ პირთან ერთად დააკავეს, უკრაინული Nova Post-ს საშუალებით ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი ამანათების გაგზავნისთვის.
„შპიგელი“ რუმინეთის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი და მასთან ერთად დაკავებული მეორე პირიც, რუსეთის სახელმწიფო სამსახურების მიერ კონტროლირებადი დივერსანტების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა სამიზნესაც ევროპის ქვეყნები წარმოადგენს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა, გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში არ გამორიცხა, უცხოური ძალების ჩართულობა და ეჭვმიტანილი „დაბალი რანგის აგენტად“ მოიხსენია, რომელიც იერარქიიდან გამომდინარე სათანადოდ ინფორმირებული არ არის. მისივე თქმით, ეჭვმიტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ტერაქტის მომზადებაში დახმარების გაწევისთვის დააკავეს. ალექსანდრ დობრინდტის თქმით, განიხილება მისი გერმანიაში ექსტრადირება.