„შპიგელი“ - გერმანიის საგარეო უწყება ევროკავშირის დონეზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შესაძლებლობას განიხილავს ისე, რომ ამას ხელი ვერ შეუშალოს უნგრეთის შესაძლო ვეტომ
გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დონეზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს ისე, რომ ამას ხელი ვერ შეუშალოს ვეტოთი უნგრეთმა.
გამოცემის ცნობით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების საკითხი, როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება, მაგრამ პროექტი მოითხოვს ერთსულოვნებას და შესაძლოა, ის უნგრეთმა დაბლოკოს.
„შპიგელის“ თანამოსაუბრეები დიპლომატიურ წრეებიდან თვლიან, რომ ამ ვეტოს გვერდის ავლა შესაძლებელია „მსურველთა კოალიციის” შექმნით; კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარი მიდის მხოლოდ ინდივიდუალურ სანქციებზე საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ.
„შპიგელის“ ცნობით, ასეთი გეგმა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა დეკემბრის დასაწყისში ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.