„შპიგელი“: გერმანიის მიერ ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის დაგვიანება „მორალური მარცხია“
გერმანელი ჯარისკაცები ვარშავის აჯანყების დროს. 1944 წლის აგვისტო
გერმანულმა ყოველკვირეულმა გამოცემა „შპიგელმა“ ნაცისტური ეპოქის დანაშაულების პოლონელ მსხვერპლთათვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევის საქმეში ბერლინის უმოქმედობა გააკრიტიკა. ამ დაგვიანებას ჟურნალმა „მორალური მარცხი და პოლიტიკური შეცდომა“ უწოდა.
1 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „შპიგელის“ მიმომხილველმა იან პულმა დაწერა, რომ გერმანიას, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო, პოლონეთის ვალი აქვს და ამიტომ, ვარშავისთვის კომპენსაციის გადახდების თითქმის სრული იგნორირება სამარცხვინოა ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ წარსულზე პასუხისმგებლობის აღებით ამაყობს.
„შპიგელი“ უკვე მეორე მსხვილი გერმანული გამოცემაა „ზიუდოიჩე ცაიტუნგის“ შემდეგ, რომელიც ბერლინს მოუწოდებს, მესამე რაიხის მიერ დაზარალებულ პოლონელებს დროულად გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა.
„შპიგელის“ ჟურნალისტისა და პოლიტიკური კომენტატორის, იან პულის თქმით, პოლონეთის მთავრობა, კომპენსაციის სახით, ითხოვს 10 000 პოლონური ზლოტის (დაახლოებით 2 331 ევრო) ოდენობის ყოველწლიურ გადასახადს იმ პოლონელი მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომლებიც ომის დროს დააპატიმრეს, აწამეს, საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს ან სხვა ფორმით იდევნებოდნენ. პულის განცხადებით, 80 წლის წინ ჩადენილი დანაშაულებისთვის ეს „სასაცილო ოდენობის“ კომპენსაციაა.
იან პულმა თავის სტატიაში ისიც გაიხსენა, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა, ოლაფ შოლცმა, ნაცისტურ ტერორს გადარჩენილი პირების მიმართ ჰუმანურობის გამოხატვის პირობა დადო, თუმცა ამ კეთილი ნების ჟესტს პოლონელები დღემდე ამაოდ ელიან. „გერმანიის მთავრობის ქცევა ამორალურია და, ამასთანავე, პოლიტიკურ უგუნურებას წარმოადგენს“, – წერს პული.
„შპიგელი“ ამტკიცებს, რომ პოლონეთის მთავრობა ამ გადახდას ითხოვს არა როგორც სრულ რეპარაციას, არამედ როგორც სიმბოლურ ჟესტს. ყოველკვირეული გამოცემა ვარაუდობს, რომ ბევრმა გერმანელმა არ იცის, მათმა წინაპრებმა, ჰოლოკოსტის გარდა, სხვა დანაშაულებიც რომ ჩაიდინეს. მათ შორის – პოლონელი მასწავლებლებისა და პროფესორების სისტემური მკვლელობები, რომელიც ეგრეთ წოდებული „ინტელიგენციის გენოციდის აქციის“ (Intelligenzaktion) ფარგლებში განხორციელდა.
პულის თქმით, პოლონეთში დღემდე არსებობს განცდა, რომ ომის დამნაშავეებმა დასავლეთ გერმანიის ომისშემდგომი ეკონომიკური ბუმისგან სარგებელი მიიღეს, მაშინ როცა პოლონელები, კომუნისტური მმართველობის პირობებში, სიდუხჭირესა და გაჭირვებას უძლებდნენ.
სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ბერლინის მხრიდან ასეთი ქმედება, მომავალ წელს პოლონეთში გასამართი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს. ავტორი ამტკიცებს, რომ გერმანიის ინტერესებშია ტუსკის გამარჯვება მემარჯვენე ოპოზიციაზე, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებს და გერმანიის მიმართ მტრულად არის განწყობილი.
პულმა ისიც გაიხსენა, რომ მანამდე, პოლონეთის წინა კონსერვატიულმა მთავრობამ გერმანიისგან 6,22 ტრილიონი პოლონური ზლოტი (1,45 ტრილიონი ევრო) მოითხოვა. ეს ოდენობა, ჟურნალისტის თქმით, ზარალის რეალურ ღირებულებასთან „უფრო ახლოსაა“, ვიდრე თითოეულ მსხვერპლზე 10 000 ზლოტის გადახდა. თუმცა, ჟურნალისტმა დასძინა, რომ ამ უზარმაზარი თანხის გადახდას თავად ამ მოთხოვნის ავტორებიც კი არც არასოდეს ელოდნენ და მას უფრო დაუმორჩილებლობის სიმბოლურ აქტად აღიქვამდნენ.
„შპიგელის“ შეფასებით, გადახდის პირველ, 2027 წელს, ბერლინს დაახლოებით 100 მილიონი ევროს გაღება მოუწევს, ხოლო დროთა განმავლობაში ეს თანხა შემცირდება, რადგან დაახლოებით 50 000 ცოცხალი მსხვერპლი ისედაც ხანდაზმულია და ასაკი უფრო ემატება. „გერმანიას უნდა შერცხვეს თითოეული მათგანის გამო, ვინც ამქვეყნიდან ხელცარიელი წავა“, – დაასკვნის პული.
სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)
ფოტოს ავტორი: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP