„შპიგელი“ – აშშ ნატო-ში სამხედრო რესურსების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს
აშშ ნატო-ში სამხედრო რესურსების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.
„შპიგელის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მთავრობა ნატო-სთვის ხელმისაწვდომი შეიარაღების სისტემებისა და ჯარისკაცების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს.
სტატიის თანახმად, პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის წარმომადგენელმა გასული კვირის ბოლოს ნატო-ს წევრი ქვეყნების სხვა მაღალჩინოსნებს ამ განზრახვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ამ ინფორმაციის თანახმად, ალიანსის ძალების დაგეგმვის ფარგლებში ვაშინგტონი აპირებს, მნიშვნელოვნად შეამციროს ნატო-სთვის მოწოდებული ძირითადი სამხედრო რესურსების რაოდენობა. კერძოდ, ამერიკული ავიაგამანადგურებლების, სამხედრო გემების, დრონებისა და ტანკერების რაოდენობა.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის წინადადებები ძალების დაგეგმვასთან დაკავშირებით უფრო რადიკალური იყო, ვიდრე ევროპელები ელოდნენ.
ამავდროულად, აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ევროპაში ბირთვული შეკავების შენარჩუნება ნატო-ს ფარგლებში. თუმცა ევროპელებმა, პირველ რიგში, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კონტინენტის ჩვეულებრივ თავდაცვაზე.
გარდა ამისა, აშშ-ს აღარ სურს ნატო-სთვის წყალქვეშა ნავების მიწოდება. ევროპელებმა ასევე დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყონ დრონები დაზვერვისთვის. ამავდროულად, შეერთებული შტატები მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ს ყველა პარტნიორთან, რომლებიც ახლა სწრაფად იმოქმედებენ.
აშშ ევროპელებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ივნისის დასაწყისისთვის, ე.წ. ძალების ფორმირების კონფერენციაზე ელოდება. გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონი მზად არის, ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ტვირთის განაწილების ახალი გეგმა წარადგინოს.