შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სადაც მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული. ხუთი მათგანი დღეს იპოვეს.

„სტიქიის ზონაში დღეს მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისივე თქმით, აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია.

„დღეს ნანახია ხუთი ცხედარი, რომლებიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთსა და იმავე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას, დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24-საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია შვიდი ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე, ვფიქრობ, გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება და ხდება მასზე რეაგირება.

„რაც უნდა ალოგიკურად მოეჩვენოს ვინმეს, ვამოწმებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერების საშუალებით და მოვუწოდო, თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას, მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.