შოვის სტიქიასთან დაკავშირებით 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მოუსმენენ
შოვის სტიქიასთან დაკავშირებით 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტის წინაშე 22 სექტემბერს წარდგება და შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას შესთავაზა, გამოეყენებინათ ის ინსტრუმენტები, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანი იქნებოდა.

„ადრეც, როცა ჰქონდათ ინიციატივა, შევთავაზე მათ, ის ინსტრუმენტები გამოეყენებინათ, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანია, მათ შორის გამოეყენებინათ ინტერპელაციის შესაძლებლობა. კარგია, რომ ამის შემდეგ ინტერპელაციით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც 22 სექტემბერს სწორედ ამ ინტერპელაციაზე საპასუხოდ მოვა პარლამენტში და შესაძლებლობა ექნებათ, ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ამიტომ ოპოზიციის მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ, რა კითხვები დარჩათ და მიიღებენ თუ არა პასუხებს. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა საკითხზე გასცემს პასუხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციაშიც ამ კუთხით ერთიანობა არ არის.

„სხვათა შორის, ოპოზიციაშიც ვხედავთ, რომ ერთიანობა არ არის. ცხადია, საგამოძიებო კომისია კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობაა. რაიმე კითხვა თუ აქვთ, სწორედ ამისთვის არსებობს ინტერპელაცია, დაიბარონ ანგარიშვალდებული სტრუქტურები და ინტერპელაციის წესით გასცემენ ყველა კითხვას პასუხს. საგამოძიებო კომისიის შექმნით, შესაძლოა, იმედი ჰქონდეთ, რომ თემის გარშემო გარკვეული მედიააჟიოტაჟი შექმნან, რაც  შოვის ტრაგედიის ფონზე ყველაზე არაღირსეული საქციელია. ეს არ არის სწორი საქციელი არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.