შოტლანდიის გავლით იაპონიაში - შარიქაძემ, შესაძლოა, უელსთან ითამაშოს
შოტლანდიის გავლით იაპონიაში - შარიქაძემ, შესაძლოა, უელსთან ითამაშოს

მორაგბეები სასტუმრო ამბასადორში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური გაცილება გაიმართება, რომელიც მალე იაპონიაში, რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაში ჩაერთვება.

ქართველ მორაგბეებს მსოფლიო თასის წარმატება უსურვეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ. იაპონიამდე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები შოტლანდიას ესტუმრება, სადაც ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს მის საშინაო არენაზე, „მარიფილდზე“ დაუპირისპირდება.

ამის შემდეგ ქართველი ბორჯღალოსნები იაპონიაში მსოფლიო თასის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელსაც იაპონია 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი: „მსოფლიომდე შოტლანდიას ვესტუმრებით და შედეგი გვაქვს გამოსასტუმრებელი. თბილისის შეხვედრა ჩვენთვის არასასიამოვნო ანგარიშით დასრულდა და ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს . დილიდან ამაზე ვართ კონცენტრირებულები. შოტლანდიასთან ჩვენი თავი კიდევ ეთხელ უნდა გამოვცადოთ და უნდა ვნახოთ, შეცდომების გამოსწორება რამდენად კარგად შეგვიძლია. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე უელსთან პირველ შეხვედრაზე. პირადად მე რაც შემეხება, რეაბილიტაცია კარგად მიდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველივე შეხვედრას ვითამაშებ“.

შალვა გოგოლაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „მინდა ჩვენს გუნდს შოტლანდიასთან წარმატება ვუსურვო – დარწმუნებული ვარ, სულ სხვა სიხარულსა და ემოციას მოუტანენ ჩვენს ხალხს. გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ მონაწილეობს და გვჯერა, შეხვედრებს მოიგებს და ჩვენს გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახარებს“.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. ბორჯღალოსნების დებიუტი 2003 წელს შედგა, რასაც 2007, 2011, 2015 წლების მსოფლიო თასის გათამაშებები მოყვა.

ბორჯღალოსნები იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე „დ“ ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

თამაშების განრიგი ასეთია:

23 სექტემბერი – საქართველო-უელსი, 29 სექტემბერი – საქართველო – ურუგვაი, 3 ოქტომბერი – საქართველო – ფიჯი, 11 ოქტომბერი – საქართველო-ავსტრალია.