შოტლანდიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია | რაგბი
შოტლანდიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია | რაგბი

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შერკინება

23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია.

მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი დადგებიან, მესამე ხაზში კი თამაშს ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე იწყებენ. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 209-ს შეადგენს. აქედან 30-ზე მეტი კეპი მხოლოდ ნარიაშვილს და ბრეგვაძეს აქვთ მოხვეჭილი.

ხაზი

უფრო მეტი, 248 კეპია ხაზის შვიდი მოთამაშის ანგარიშზე. აქედან ორს – აკაკი ტაბუცაძეს და დემე თაფლაძეს ნაკრებში მხოლოდ ორ-ორჯერ უთამაშიათ.

9-10 ნომრებზე თამაშს ნაცადი წყვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ. ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ის დემე თაფლაძეს შეუწყვილდება.

ფრთაზე გამოცდილ სანდრო თოდუასა და ახალგაზრდა ტაბუცაძეს ვიხილავთ, რომელმაც ორ თამაშში 5 ლელოს გატანა მოახერხა. ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

მარქაფა

გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია მარქაფაშიც. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზეა შალვა მამუკაშვილი, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე ბურჯებს შეცვლიან.

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან დებიუტის შემდეგ, მეორე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, ხოლო მესამე ხაზში გამოცდილი გიორგი თხილაიშვილია.

9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხაზს კი გიორგი კვესელაძე და თამაზ მჭედლიძე გააძლიერებენ.

23 ოქტომბერი. 22:30 საათი (საქ. დრო)

ტესტ-მატჩი. ედინბურგი. მარიფილდი

შოტლანდია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

rugby.ge

დატოვე კომენტარი