შოტლანდიამ სამოა დაამარცხა და პირველი ქულები მოიპოვა | იაპონია 2019
შოტლანდიამ სამოა დაამარცხა და პირველი ქულები მოიპოვა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სამოასა და შოტლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩის საწყისი წუთები მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა და 30-ე წუთამდე შოტლანდიელები მხოლოდ ერთი ჯარიმით იგებდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში მათ ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს, ერთი არეკნიც მიითვალეს და შესვენებაზე ანგარიშით 20:0 გავიდნენ.

მეორე ტაიმი ასევე თანაბრად დაიწყო და ანგარიში მხოლოდ 58-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც მსაჯმა სამოელი მორაგბე მოედნიდან 10 წუთით გააძევა, ბრიტანელებს კი საჯარიმო ლელო მიაკუთვნა – 27:0.

75-ე წუთზე სამოელი მორაგბე მოედნიდან წითელი ბარათით გააძევეს, ხოლო შოტლანდიას კიდევ ერთი საჯარიმო ლელო ჩაუთვალეს, რითაც მათ ბონუს ქულა გაინაღდეს და სატურნირო ცხრილში, ხუთი ქულით, მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.

საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 34:0 დასრულდა შოტლანდიელთა სასარგებლოდ, სამოა კი პირველი გუნდი გახდა ამ ჩემპიონატზე, რომელმაც მატჩში ვერცერთი ქულის აღება ვერ შეძლო.

ხვალ, 1 ოქტომბერს, მსოფლიო თასზე შესვენებაა, ზეგ კი ორი მატჩი გაიმართება:

საფრანგეთი – აშშ (11:45)
ახალი ზელანდია – კანადა (14:15)

ორივე მატჩს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი