შოტლანდიამ „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
შოტლანდიამ „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

საშემოდგომო სარაგბო ტესტ-მატჩებს შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები „ბორჯღალოსნებთან“ დაპირისპირებით იწყებს და „ნარშავების“ მთავარმა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა უკვე დაასახელა ის 23 კაცი, რომელიც 23 ოქტომბერს, „მარიფილდზე“ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.


გლაზგოური „ვორიორსის“ კვაჭი ფრეიზერ ბრაუნი ეროვნულ გუნდს პირველად უკაპიტნებს და თან 51-ე კეპსაც მოიხვეჭს, ხოლო „ედინბურგის“ გარემარბ დუჰან ვან დერ მერვეს კი დებიუტი ექნება, ისევე როგორც ოლი კებლს, რომელიც მარქაფაშია.

ვიცე-კაპიტნის როლი ცხრა ნომერმა ალი პრაისმა და მესამეხაზელმა ჯეიმი პრაისმა დაიმსახურეს. შოტლანდიას დაუბრუნდა მეტ ფაგერსონი, რომელმაც ბოლო სანაკრებო შეხვედრა 2019 წლის აგვისტოში, თბილისში გამართა. ითამაშებს „ჰარლექვინსის“ შუამარბი ჯეიმი ლანგიც, ვისთვისაც ეს მესამე სანაკრებო დაპირისპირება იქნება.

პირველ ხაზში კაპიტან ბრაუნთან ერთად ზანდერ ფაგერსონი და რორი საზერლენდი იქნებიან, მეორეში ბენ ტულისს სკოტ ქამინგსი შეუწყვილდება. მესამე ხაზში „ედინბურგის“ ჯეიმი რიჩი და ჰამიშ ვოტსონი დგანან, რვა ნომერზე კი მეტ ფაგერსონია. მგეზავად ძირითად შემადგენლობაში ადამ ჰასტინგსია, ხოლო ფინ რასელი, რომელსაც „რასინგში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, სათადარიგოთა სკამზეა და თუკი ითამაშებს, 50-ე სანაკრებო კეპს დაიმსახურებს. ​შუამარბებად ჯეიმს ლანგი და კრის ჰარისი ითამაშებენ. უკანა ხაზს „ედიბურგის“ გარემარბები – დარსი გრემი, დუჰან ვან დერ მერვე და ბლერ კინგჰორნი ასრულებენ.

შოტლანდიელთა სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება:

რორი საზერლენდი, ფრეიზერ ბრაუნი (კაპიტანი), ზანდერ ფაგერსონი, ბენ ტულისი, სკოტ ქამინგსი, ჯეიმი რიჩი (ვიცე-კაპიტანი), ჰამიშ ვოტსონი, მატ ფაგერსონი.

უკანა ხაზი:

ალი პრაისი (ვიცე-კაპიტანი), ადამ ჰასტინგსი, დუჰან ვან დერ მერვე, ჯეიმს ლანგი, კრის ჰარისი, დარსი გრემი, ბლერ კინგჰორნი.

​მარქაფა:

სტუარტ მაკინალი, ოლი კებლი, საიმონ ბერგჰანი, რობ ჰარლი, ნიკ ჰაინინგი, კორნელ დუ პრე, ჯორჯ ჰორნი, ფინ რასელი.