შოთა თუთბერიძე - პენიტენციურმა სამსახურმა იმოქმედა ყაჩაღურად, ღამის საათებში, ადვოკატების და თავად პაციენტის ინფორმირების გარეშე გადაწყვიტა მისი ჰოსპიტალიდან გატაცება
შოთა თუთბერიძე - პენიტენციურმა სამსახურმა იმოქმედა ყაჩაღურად, ღამის საათებში, ადვოკატების და თავად პაციენტის ინფორმირების გარეშე გადაწყვიტა მისი ჰოსპიტალიდან გატაცება

არავითარი ინფორმაცია არ გვქონია, პენიტენციურმა სამსახურმა იმოქმედა ყაჩაღურად და ღამის საათებში გაფრთხილების და ინფორმირების გარეშე, მათ შორის პაციენტის, ადვოკატებისა და ოჯახის წევრების ინფორმირების გარეშე, გადაწყვიტა, რომ გაეტაცებინა ჰოსპიტალიდან ისე, რომ მკურნალობის კურსი დასრულებული არ არის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„სამწუხაროდ, მის ჯანმრთელობაზე მე შემიძლია, მხოლოდ და მხოლოდ დავეყრდნო ბოლო ინფორმაციას, სახალხო დამცველის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან ჩვენ უკვე, როგორც იცით რამდენიმე დღეა, შეზღუდული გვაქვს მიხეილ სააკაშვილის ნახვა, მათ შორის არ შეუშვეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ლიცენზირებული საქმიანობა აქვს, მაგრამ არ მისცეს საშუალება, შესულიყვნენ. ამიტომ, ჩვენი საბოლოო ინფორმაცია არის სახალხო დამცველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც სრულად ვენდობით და რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მძიმედ და მას სჭირდებოდა გორის ჰოსპიტალში დარჩენა, რათა რეაბილიტაციის კურსი დაესრულებინა. ინფორმაციის არც ერთი სხვა წყარო ამ მიმართულებით არ არსებობს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს ხვალ მოინახულებენ.

„ხვალ, პირველ რიგში ვაპირებთ თავად პრეზიდენტის მონახულებას, გავიგოთ, რეალურად რა მოხდა და შემდეგ ამის მიხედვით, დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები. სავარაუდოდ, ეს იქნება ბუნებრივია, ამ ეპიზოდის დამატება იმ საჩივარში, რომელიც ევროპული სასამართლოსთვის მზადდება. დამატება, ბუნებრივია, შიდა ეროვნულ დონეზე, იქ ტექნიკური საკითხები იქნება გასარკვევი, მათ შორის მოპასუხის მხარის გარკვევა, რაღაც ფორმის მოძებნა სარჩელისთვის“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.