შოთა თუთბერიძე - მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და ყველა გარემოება თუ მოგვცემს საშუალებას, რომ დაწესებულება შეიცვალოს, დაცვის მხარეს არ ექნება რაიმე ტიპის დარღვევაზე პრეტენზია
შოთა თუთბერიძე - მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და ყველა გარემოება თუ მოგვცემს საშუალებას, რომ დაწესებულება შეიცვალოს, დაცვის მხარეს არ ექნება რაიმე ტიპის დარღვევაზე პრეტენზია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს კომუნიკაცია ჯერ არავისთან ჰქონია.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს დასაბუთებული სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციით.

„ჩვენთან გადაყვანასთან დაკავშირებით ჯერ კომუნიკაცია არავის არ ჰქონია. მედიკოსებს რაიმე მსგავსი დასკვნა არ გაუკეთებიათ. ნებისმიერი ქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ უნდა იყოს დასაბუთებული აუცილებლად სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციით. ჩვენ დაცვის მხარე, მათ შორის პრეზიდენტი სამთავრობო კონსილიუმს უცხადებდა სრულ ნდობას, მის თითოეულ წევრს როგორც პროფესიონალ ექიმებს. ასევე, ჩვენ გვაქვს სრული ნდობა „ემპათიის“ კონსილიუმის მიმართ. ასევე სრული ნდობა გვაქვს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრთა პროფესიონალიზმისა და ეთიკის მიმართ. ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათი დასკვნები ან რეკომენდაციები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. სამედიცინო დასკვნაზე და შეჯამებას აქვს თავისი წესი, თუ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, იქნება განხილული. ვიცით, რომ ამ ეტაპზე არცერთ კონსილიუმს ამ საკითხზე არ უმსჯელია. კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ მექანიზმს გამოვიყენებთ, თუ ჩავთვლით, რომ საქართველოს კანონმდებლობა და ადამიანის უფლებები ირღვევა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, რეკომენდაციების შეუსრულებლობა, ან არასათანადო შესრულება, არასათანადო მოპყრობა, რაც უკვე ვიხილეთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, თუ ყველა გარემოება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა საშუალებას მისცემს, რომ დაწესებულება შეიცვალოს, აღნიშნულზე დაცვის მხარეს არ ექნება პრეტენზია.

„თუ ყველა გარემოება, მათ შორის ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა, მოგვცემს საშუალებას, რომ მან დაწესებულება შეიცვალოს და ყველა გარემოება წესრიგში იქნება და დაცვის მხარეს არ ექნება რაიმე ტიპის დარღვევაზე პრეტენზია. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ტიპის თითზე წამოსახვევი მიზეზები მოვიგონოთ ძალით. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი იქნება გლდანის დაწესებულებაში, რუსთავში თუ გორში, ვიდრე აღვეთილი აქვს თავისუფლება, ის არის არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ის არის რუსეთის ტყვე საქართველოში“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.