შოთა თოფურია - ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ ავსტრიასთან ვერ ვითამაშებ #1TVSPORT
შოთა თოფურია - ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ ავსტრიასთან ვერ ვითამაშებ #1TVSPORT

შოთა თოფურია ფუტსალში 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. ამის შესახებ მოთამაშემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

გამოცდილი მცველი 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის სტარტზე ბელგიასთან მოგებულ (4:2) შეხვედრაში დაშავდა და ავსტრიასთან მატჩს მეკარე ზვიად კუპატაძესთან ერთად გამოტოვებს.

„ახლახანს დავბრუნდი გამოკვლევებიდან. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არაა. მუხლის მცირე დაზიანებაა. მაგრამ სამწუხაროდ, სამი კვირა დასვენება მომიწევს და ავსტრიასთან მეორე ტურის შეხვედრას გამოვტოვებ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან შოთა თოფურია.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მცველმა კომენტარი ბელგიასთან გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა.

„ძალიან რთული თამაში იყო. ბელგია ჯგუფში ჩვენი კონკურენტია და საკმაოდ ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, მეტოქეს ერთიანობის და ბრძოლის ხარჯზე ვაჯობეთ“.

შოთა თოფურიამ გულშემატკივრების როლი აღნიშნა და მათ მადლობა გადაუხადა.

„საკუთარი კედლები ძალიან დაგვეხმარა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მეტოქეს ვაჯობეთ, მომენტებიც მეტი გვქონდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.

საქართველოს ნაკრები მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრას 12 ოქტომბერს გასვლაზე ავსტრიასთან გამართავს.