შოთა თხელიძე - მომსწრე ვართ მეორე სისტემური ომის მსოფლიო მასშტაბით, პირველი სისტემური კონფლიქტი არის უკრაინა, მეორე - ირანი, ეს კონფლიქტები გადაწყვეტენ, როგორ საერთაშორისო სისტემაში ვიცხოვრებთ
შოთა თხელიძე - მომსწრე ვართ მეორე სისტემური ომის მსოფლიო მასშტაბით, პირველი სისტემური კონფლიქტი არის უკრაინა, მეორე - ირანი, ეს კონფლიქტები გადაწყვეტენ, როგორ საერთაშორისო სისტემაში ვიცხოვრებთ

რეალურად, ჩვენ მომსწრე ვართ მეორე სისტემური ომის მსოფლიო მასშტაბით, – განაცხადა ანალიტიკოსმა შოთა თხელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„პირველი სისტემური კონფლიქტი არის უკრაინა, მეორე – ირანი და რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ სიტყვა სისტემურს? სისტემური კონფლიქტი გულისხმობს იმას, რომ ეს კონფლიქტები გადაწყვეტენ მომავალში, თუ როგორ საერთაშორისო სისტემაში ვიცხოვრებთ გლობალური საზოგადოება, შენარჩუნდება უნიპოლარიზმი და ვიქნებით ჰიპერუნიპოლარიზმში სამომავლოდ, თუ იქნება ეს რაღაც გარდაუვალი მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი. ამიტომ ეს კონფლიქტი დაემატა უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელობით და შეიძლება, მისი მნიშვნელობა უფრო გაიზარდოს, ვიდრე არის, მაგალითად, უკრაინის კონფლიქტი”, – განაცხადა თხელიძემ.

ამ განცხადებით ანალიტიკოსმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა: „რა არჩევანის წინაშე დგანან ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნები და რამდენად ჩნდება დაპირისპირების არეალის ზრდის საშიშროება ახლო აღმოსავლეთში, მით უმეტეს, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ ამის ნიშნებს ცალკეული განცხადებების სახით? მაგალითად, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყანას აქვს სრული უფლება, უპასუხოს ირანის თავდასხმას საერთაშორისო სამართლის დებულებების შესაბამისად. დღეს ასევე ვნახეთ, რომ ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტები, რომლებიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა. ასევე, ვხედავთ, რა ხდება ლიბანში, სადაც ისრაელმა კიდევ უფრო მეტად სიღრმეში განალაგა თავისი სამხედროები და შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ღია ომის დაწყებით იმუქრება“.

თხელიძის  თქმით, დღეს თუ შევხედავთ ირანის მოქმედებებს, ის მოქმედებს ე.წ მეთდოგის, ცოფიანი ძაღლის პრინციპით, რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა იმისა, როგორც ის იქცევა.

„ის თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ დაპირისპირებაში არ არიან მათთან შესული, არ აქვთ ომი გამოცხადებული და შეიძლება ითქვას, თუ, მაგალითად, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ირანი, გარკვეულწილად, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, კონსტრუქციულ ჩარჩოში, ასე ვთქვათ, კონვენციურობის ფარგლებში მოქმედებდა ისრაელისა და შეერთებულ შტატების წინააღმდეგ, ეს კონვენციურობა მან დაარღვია და ვთქვათ ასე, რომ, მაგალითად, ისრაელს და შეერთებულ შტატებს აუყირავა მაგიდა. იგულისხმება ის, რომ მან დაარტყა ამერიკულ და ებრაულ ინტერესებს იქ, სადაც არ მოელოდნენ ისინი და დაარტყა ამ შემთხვევაში ამერიკულ ეკონომიკურ და, ასე ვთქვათ, ფინანსურ ინტერესებს. ვგულისხმობ იმავე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იმავე კატარს, იმავე ქუვეითს, იმაივე ბაჰრეინს და ეს მოულოდნელობაა იმ გაურკვევლობის მიზეზი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონში. ჩვენ, რეალურად, ვხედავთ ნარატიულ ქაოსს“, – განაცხადა თხელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაში გამოიხატება ნარატიული ქაოსი, რადგან, პირიქით, დონალდ ტრამპი თავდაჯერებულია და აკეთებს განცხადებებს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, გეგმას ასწრებს დღეს არსებული რეალობა და ასევე ვრცელდება განცხადებები, რომ ახლა ისინი წაქცეულს ურტყამენ წიხლებს ირანის სახით, შოთა თხელიძემ აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის პიარის ნაწილი, რომლითაც ქვეყანამ უნდა გაამართლოს საკუთარი სამხედრო მოქმედებები.

„ჩვენ ვერ გავარკვიეთ, თუ რატომ არის ეს ომი წამოწყებული, ხომ? ჯერ იყო მიზეზი, რომ ჩვენ არ გვსურს ამ რეჟიმთან ურთიერთობა და ის უნდა შეიცვალოს, შემდგომ ვიხილეთ, რომ მთავარი მოტივი არის, რომ რეჟიმმა შეცვალა, კი არა და, გააუქმა საკუთარი ბირთვული პროგრამა, შემდგომ ვნახეთ, რომ მთავარი ორიენტირი არის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაჩერება და შემდგომ ვნახეთ, ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ირანმა დაგვიწყო ომი და ჩვენ ვართ რეაქციის პოზიციაში, რაც იწვევს გაუგებრობას. ესეც მანიშნებელია იმის, რომ ამ ომის გეგმა, რაც არსებობდა დასაწყისში ვაშინგტონში, იმ გეგმას არ მიჰყვება პროცესი და ეს გადაითარგმნება ამ ნარატიულ ქაოსში. პიარულადაც, გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, განზომილება, რაშიც დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები საკმაოდ ძლიერია, ამ პიარული თვალსაზრისითაც საკმაოდ სუსტად გამოიყურება აშშ, რადგან ეს არგუმენტაცია ამ კონფლიქტის დაწყების და წარმოების, თვითონ აშშ-შიც, ამერიკულ საზოგადოებაშიც არ არის დაკმაყოფილებული. თვითონ „რესპუბლიკურ პარტიაში“ არის გარკვეული კრიტიკა, თუ რატომ წამოვიწყეთ ეს ომი, თავი რომ დავანებოთ „დემოკრატიულ პარტიას““, – განაცხადა თხელიძემ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ძირითადი ორიენტირი იყო ისრაელის თავდაცვაზე და იმ თავდაცვის სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც განლაგებულია თუნდაც სპარსეთის ყურეში.

„თავის დროზევე ასეთად მოიაზრებოდნენ, რომ ეს იყო პირველი თავდაცვითი ზღუდე ისრაელისთვის, სპარსეთის ყურის ქვეყნები ზოგადად და ის თავდაცვის სარაკეტო სისტემები, სადაც ისინი იყო განლაგებული. ამის მიმართ კრიტიკა უკვე ვნახეთ მონაქრიული ლიდერებისგან, პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან, რომ ეს სისტემები ჩვენ არ გვიცავდა, იცავდა ისრაელს და ეს გამოვლინდა კიდეც. როგორც ჩანს, სამომავლოდ, მიმართება აშშ-ის მოკავშირეობასთან, შეიძლება, გადაიხედოს ამ მონარქიებში, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-თან მოკავშირეობა მათ უსაფრთხოების გარანტიებს კი არ აძლევს, პირიქით, ეს საფრთხის მთავარ სამიზნეებად აქცევს“, – განაცხადა თხელიძემ.

ამასთან, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ეს არის რეგიონული კონფლიქტი, მაგრამ თუ ის დროში გაიწელა, მაშინ, შეიძლება, გადაიქცეს გლობალურ კონფლიქტად და ჩვენ, შეიძლება, ვიხილოთ უშუალო ჩართულობა, ერთი მხრიდან ევროპის ჩართულობით და მეორე მხრიდან, შეიძლება, უფრო აქტიური გახდეს ჩინეთის ან რუსეთის ჩართულობით.