შოთა რეხვიაშვილი - თეთრიწყაროში ინფექციის გავრცელება უკონტროლო არ არის
შოთა რეხვიაშვილი - თეთრიწყაროში ინფექციის გავრცელება უკონტროლო არ არის

თეთრიწყაროში ინფექციის გავრცელება უკონტროლო არ არის, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, თეთრიწყაროში გავრცელება იყო ადგილობრივი საავადმყოფოს ექთანთან. პირველი შემთხვევა ასეთი იყო და შემდეგ მოხდა იმ მასშტაბში გავრცელება, რომელიც დღეს უკვე 38-ს აღწევს. არ ვიტყვი, რომ თეთრიწყაროში გავრცელება უკონტროლოა. თუმცა, ამ კავშირებიდან გამომდინარე მაქსიმალური კეთდება იმისთვის, რომ დროულად გამოვლინდეს რისკფაქტორები. ჯგუფი, რომელთა იზოლირება აუცილებლად სასურველია და რაც შეიძლება, მალე. სწორედ ამას ემსახურებოდა ინტენსიური მიზნობრივი ტესტირებები“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ამ განცხადებით შოთა რეხვიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში უკონტროლო შიდა გავრცელება.

მისი თქმით, თეთრიწყაროდან 170 საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და აქედან, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არის 16.

„ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ თექვსმეტივე დადასტურება არის იმ გავრცელების არეალიდან და იმ ოჯახის წევრებთან, რომელიც კონტროლდება, იდენტიფიცირებულია და გარკვეულად, იზოლაციაში არიან“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად მაღალი იყო მობილობის მაჩვენებელი თეთრიწყაროში იქამდე, ვიდრე მუნიციპალიტეტი ჩაიკეტებოდა, რამდენად მაღალი იყო თეთრიწყაროდან მოქალაქეთა გადინება და რამდენად არის იმის რისკი, რომ შესაძლოა, ინფიცირებულებმა რაიონი უკვე დატოვეს, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი რაიონში გავრცელების ფაქტი დაფიქსირდა, რისკები და კავშირები მაშინვე შეფასდა და მეორე დილიდანვე, დაუყოვნებლივ მოხდა თეთრიწყაროს ცენტრის ჩაკეტვა, რაც სავსებით დროული იყო.

„დანარჩენ სოფლებში, სადაც გავრცელება დაფიქსირდა ამ 16 ფაქტიდან გამომდინარე, ასევე არის გოლთეთი, სადაც შენარჩუნებულია ერთი დადასტურებული ფაქტი და ამას არ მოჰყოლია გავრცელების სხვა ფაქტები. წინწყაროში და ჯორჯიაშვილში ასევე არის ერთეული მატებები და ისიც იმ ოჯახებში, სადაც ინფექციის გავრცელების პირველადი ფაქტები დაფიქსირდა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

შეკითხვაზე, ტარდება თუ არა რაიონში მასობრივი ტესტირება, თუ ის მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს უტარდებათ, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ მასობრივი მიზნობრივი ტესტირება საკმაოდ ინტენსიურად ტარდება იქ, სადაც ეს ფაქტები და კონტაქტები ცნობილია.

„ასევე, დღეს ჩატარდა ქალაქის ძირითადი ქუჩების მასობრივი დეზინფექციის სამუშაოები. განუხრელად დასაცავია სოციალური დისტანცირება, სახლში დარჩენა და ის რეკომენდაციები, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მოსახლეობასთან. მათ იციან ცხელი ხაზი; სატელეფონო კონტაქტები, სადაც ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში შეიძლება დარეკვა და, საიდანაც ხდება ოპერატიული რეაგირება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.