შოთა რეხვიაშვილი - სოფელ მუშევანში კორონავირუსზე კვლევები და რისკჯგუფების გამოვლენა კვლავაც გაგრძელდება
შოთა რეხვიაშვილი - სოფელ მუშევანში კორონავირუსზე კვლევები და რისკჯგუფების გამოვლენა კვლავაც გაგრძელდება

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსზე კვლევები და რისკჯგუფების გამოვლენა გაგრძელდება.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ სტუმრობისას, რეხვიაშვილმა სოფელ მუშევანში მომხდარი იმ ინციდენტის შესახებ ისაუბრა, რა დროსაც ინფიცირებული პირების გადაყვანისას დაპირისპირება მოხდა.

„როგორც ინფორმაცია მაქვს, მედიკოსები ვინც შევიდნენ და ამ ოჯახების გამოყვანა გადაწყვიტეს, მათ ხელი შეუშალეს. ბუნებრივია, ამის შემდეგ აბსოლუტურად ადეკვატურად მოხდა ის, რაც მოხდა. შეფასდა ქმედება, შეფასდა დანაშაულად ანუ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებად და დაიწყო გამოძიება. დაიწყო გამოძიება ნივთის დაზიანების ფაქტზე და უნდა დაველოდოთ გამოძიებას ბუნებრივია, იმისთვის, რომ სრულად მიეცეს სამართლებრივი შეფასება მომხდარს. ობიექტური, სრულყოფილი გამოძიების შედეგად, დადგინდება ყველა გარემოება. ამ ინციდენტიდან დღეს ორივე ოჯახი გადაყვანილია კლინიკაში, სრულად და ჩვეულებრივი რეჟიმში ხვალ, ზეგ, ისევ გაგრძელდება სოფელში კვლევები, იმ რისკჯგუფების გამოვლენა, რომლებიც იყვნენ მჭიდრო კომუნიკაციაში ინფიცირებულთა ოჯახებთან და ეს პროცესი ჩვეულებრივ მუშა რეჟიმში გაგრძელდება ისევე, როგორც სხვაგან. მუშევანი არის ჩაკეტილი სოფელი, ესეც გარკვეულ სირთულეებს იწვევს, თუმცა, იქ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით შეინიშნებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების გარკვეული დესტრუქცია. ამას ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა. 

რაც შეეხება კითხვას, მუშევანში მომხდარი ინციდენტის მიზეზი ხომ არ გახდა, ენობრივი ბარიერი, რეხვიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის გავრცელება ეთნიკურ უმცირესობებში ზოგადად ჭირს, თუმცა აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ინფიცირების პირველივე ფაქტის შემდეგ მოხდა შესაბამისი საკომუნიკაციო არხებით ადგილობრივებისთვის ინფორმაციიის მიწოდება.

„ზოგადად ფონია ასეთი. ამბობენ და ამტკიცებენ, რომ მუშევანში დაავადება არ არის გავრცელებული, მაშინ როდესაც, ასეთი 20 ფაქტია დადგენილი. ზოგადად ინფორმაციის მიტანა, ინფორმაციის გავრცელება ეთნიკურ უმცირესობებში ჭირს. ჩვენ პირველი ფაქტის დადასტურებიდანვე 200 ათასი თვალსაჩინოება გვაქვს დარიგებული, მუდმივ რეჟიმში ვართ კომუნიკაციაში, არის სოციალური ქსელები გააქტიურებული, ადგილობრივი ტელევიზია, ხმოვანი მესიჯები და ეს არაერთხელ არის გაშუქებული და ნანახი საზოგადოებისგან. ეს ყველაფერი არ ჩერდება და არც გაჩერდება, მუდმივ რეჟიმში ჩვენ საინფორმაციო კამპანიას ვმართავთ და გავმართავთ ვიდრე არ დავძლევთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება რეგიონის კონკრეტულ სოფლებში ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მოხდება.

„ეს ბოლნისში მოხდა, რადგან ძალიან მოკლე ვადებში დაავადების​ შემთხვევების განმეორებები იყო და მივიღეთ გადაწყვეტილება რამდენადაც ითხოვდა სიტუაცია. თეთრიწყაროში, ისევ სოფლებში ამ წუთისთვის არის ერთეული გავრცელება, ესეც საკარანტინო სივრცეებში და იმ ოჯახებისგან, რომელთაც თავდაპირველად დაუდგინდათ ინფექცია. ამ წუთისათვის ზომების კიდევ გამკაცრების საჭიროება არ არის. როგორც კი დადგა ეს საჭიროება, ბუნებრივია, არ დააყოვნებს შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ისევე როგორც მარნეულსა და ბოლნისში“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.