შოთა რეხვიაშვილი - რუსთავში საჯარო მოხელის კორონავირუსით ინფიცირება ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა საკრებულოს შემადგენლობა მკაცრ თვითიზოლაციაშია
შოთა რეხვიაშვილი - რუსთავში საჯარო მოხელის კორონავირუსით ინფიცირება ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა საკრებულოს შემადგენლობა მკაცრ თვითიზოლაციაშია

ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსთავის საკრებულის წევრს კორონავირუსზე ტესტი აუღეს და ამჯამად პასუხს ელოდებიან.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კორონავირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის, მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

„საკვლევი მასალა ორიდან სამ საათამდე არის აღებული და გადაგზავნილი. დადასტურებული ჯერ ოფიციალურად არ არის, თუმცა გარკვეული სიმპტომები დაავადების არის ტემპერატურაში გამოხატული. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელის შემთხვევაში ჯერ დადასტურებული არ არის, წინსწრებით საკრებულოს შემადგენლობა, აპარატი სრულად არიან მკაცრ თვითიზოლაციაში ოჯახებში, სადაც ასევე ოჯახურადაც დაცული აქვთ ის სტანდარტი, რაც არის გათვალისწინებული“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ მარნეულის მსგავსი ზომების მიღება არ გახდება საჭირო.

„ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ მინდა გვჯეროდეს, რომ ასეთი საფრთხე და ამ მასშტაბის გავრცელება არ იქნება. ყველა ნაბიჯი ცენტრალური ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის მიმართული, რათა ყველა შესაძლო რთული სცენარი იყოს გათვლილი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი  წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. თავად საკრებულოს წევრს ჯერჯერობით კოვიდ 19 დადასტურებული არ აქვს, თუმცა მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნება.