შოთა რეხვიაშვილი - მოყვანილი პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ არსებობს და მარნეულში მღელვარება ხელოვნურად იყო შექმნილი
შოთა რეხვიაშვილი - მოყვანილი პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ არსებობს და მარნეულში მღელვარება ხელოვნურად იყო შექმნილი

მოყვანილი პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ არსებობს და მარნეულში მღელვარება ხელოვნურად იყო შექმნილი, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„როდესაც მივიღეთ სიგნალი, რომ სამ სოფელში პროდუქცია დაგროვდა, იმავე დღეს, დილით, ამ სამივე სოფელში გვქონდა ხალხთან კომუნიკაცია და ამ დიალოგის პერიოდშივე, სამივე სოფელში დიდი ტვირთბრუნვის ორი ავტომობილი, მსხვილი დისტრიბუტორები შემოვიდნენ. შემდეგ უკვე, რაც ძირითად გამზირზე მოხდა, ყველასთვის ცნობილია. იქ ძალიან ნაკლებად ჟღერდა ადგილობრივი პროდუქციის გატანის თემა. იქ იყო ყველა თემა, რაც კი შეიძლებოდა, გაჟღერებულიყო და ეს იყო ძალიან ორგანიზებული, მართული და საკმაოდ ბინძური პროცესი. ამ აქციის ფონზე იქვე გამოჩნდა, რომ აქციის პერიოდშიც დამატებით კიდევ სამი მანქანა შემოვიდა. ანუ, შეფერხება იყო, ვადასტურებ, მაგრამ ეს იყო საათების შეფერხება და სისტემურად, იქ რამე ჩავარდნა არ ყოფილა. მარნეულიდან გამოდის ასეულობით ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი და რაიონში გაიხსნა აგრარული ბაზარი, სადაც იდეალური წესრიგია“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ამ განცხადებით შოთა რეხვიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა კეთდება იმისთვის, რომ მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მოსახლეობა თვეზე მეტია, საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს, ადამიანებმა მოყვანილი პროდუქციის დროულად რეალიზება შეძლონ, რამაც მარნეულში მღელვარებაც გამოიწვია.

შეკითხვაზე, ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს აქცია და თუ ის ვინმეს მიერ იყო მართული, რა მიზანი შეიძლებოდა, ჰქონოდა ამ მართულ პროცესს, შოთა რეხვიაშილმა განაცხადა, რომ აქცია იმათგან იყო მართული, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ამ შეკრების ორგანიზებაში.

„ეს იყო ოპოზიციური პარტიები – ორივე ფრთის „ნაციონალური მოძრაობა“ და შეძახილებიც შესაბამისი იყო. ეს იყო ძალიან ვიწრო პარტიული და უზნეო პროცესი, ძალიან პატარა მიზანს ემსახურებოდა და ამ მიზნის საპირწონე იყო ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც დაუშვებელია. პოლიტიკური ოპოზიცია ჩავარდნებს და აფეთქებებს ელოდება, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. იმიტომ, რომ პროცესები სრულად იმართება და არავითარი სირთულე არ იქნება, არც ერთ უბანზე. ჩვენ ყველაფერს სრულად და წარმატებით გავართმევთ თავს და ოპოზიციას ვერ მივცემთ იმ ბედნიერებას, რასაც ელოდებიან. მათ უნდათ, ქვეყანაში მოვლენები არასწორად, შეფერხებით, ცუდად განვითარდეს, ძალიან დიდი რისკებით და ცუდი შედეგებით. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთი სურვილები არის. ეს ყველაფერი არ იმალება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, სხვაგვარად, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია ხალხის ამგვარ კონცენტრაციას არ დაუშვებდა.

„იმ დღიდან, როცა მარნეულში ბევრი ადამიანის შეკრება მოხდა, ჯერ კიდევ არ გასულა საინკუბაციო ორკვირიანი ვადა და ასეთი შეკრებები თავს სად იჩენს, ღმერთმა იცის, მაგრამ იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე გადაივლის. თუმცა, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯები“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, დღეს მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე ადგილზე პროდუქტი.

„დღეს მარნეულში კიტრის მოსავალი 75 ტონა გამოვიდა მაშინ, როცა მოთხოვნა 100 ტონაზე იყო. ანუ, მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე ადგილზე პროდუქტი. ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ არის. დღეს ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადავდგით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად და უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ რუსთავშიც გაიხსნება ღია სივრცის საბითუმო აგრარული ბაზარი. ასევე ვემზადებით გარდაბანში და ყველა ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ ეს შეფერხებები არ იყოს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.