შოთა რეხვიაშვილი - მინდა, მივულოცო მარნეულის მოსახლეობას, რომლებმაც დაიცვეს რეკომენდაციები, მათ ხვალიდან თავისუფალი გადაადგილების საშუალება ექნებათ
შოთა რეხვიაშვილი - მინდა, მივულოცო მარნეულის მოსახლეობას, რომლებმაც დაიცვეს რეკომენდაციები, მათ ხვალიდან თავისუფალი გადაადგილების საშუალება ექნებათ

მინდა, გულწრფელად მივულოცო, პირველ რიგში, მარნეულის მოსახლეობას, რომლებიც იყვნენ ადეკვატურები, დაიცვეს ყველა ის რეკომენდაცია და ქცევის წესი, რამაც მოგვცა საშუალება, თითქმის 60-დღიანი საკარანტინო შეზღუდვების დასრულების, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან მარნეულის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების საშუალება ექნება.

„არ შემიძლია, გულწრფელი მადლობა არ გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, ყველა დანაყოფს. ეს იყო ძალიან წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი, ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან დიდი მასშტაბის, მათ შორის მცირეც, თუმცა, ბევრი რთული სიტუაცია იმართა შეუფერხებლად სხვადასხვა მიმართულებით. მინდა, პოლიციას, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, ყველას აბსოლუტურად, ჯანდაცვას, პირველ რიგში, ჩვენს ექიმებს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ თანმიმდევრული პოლიტიკისთვის, რომელმაც მოგვცა ეს საშუალება და მოვედით აქამდე.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ასევე გავრცელდება რეალური ქმედითი შემსუბუქება, ისევე როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების მანძილზე მოგეხსენებათ, არის გავრცელება მხოლოდ ბოლნისის ორ ცხელ წერტილში. ეს არის სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც კონტროლირებადია გავრცელება. ბოლო მონაცემებით, 150 საკვლევი მასალიდან დღეს ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც უკან იხევს დაავადება და უახლოეს პერიოდში დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოსახლეობას მუნიციპალიტეტებში მიეცემათ საშუალება გადაადგილების. ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ფრთხილად, კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიცვათ ეს წესები და შევინარჩუნოთ ეს ფაქტორი“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის თქმით, მარნეულში გაგრძელდება საინფორმაციო კამპანია და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

„18 მაისიდან იხსნება მარნეული, როგორც დაანონსებული იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ პრევენციულ ღონისძიებებს. მარნეულში გაგრძელდება საინფორმაციო კამპანია. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის თერმოსკრინინგიც განხორციელდება. მოვუწოდებ მარნეულელებს, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია მთავრობის მხრიდან, იყოს მაქსიმალურად დაცული“,- განაცხადა დარგალმა.

ხვალიდან მარნეულში საკარანტინო ზონა იხსნება. ქალაქში შეზღუდვები შესვლისა და გასვლის თვალსაზრისით ხვალიდან აღარ იქნება. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პრობლემის გარეშე გადაადგილდნენ.