შოთა რეხვიაშვილი - მარნეულში შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული ამოცანები, როგორ გავზარდოთ კვლევის მასშტაბი და გავაძლიეროთ ეპიდემიოლოგების მუშაობა
შოთა რეხვიაშვილი - მარნეულში შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული ამოცანები, როგორ გავზარდოთ კვლევის მასშტაბი და გავაძლიეროთ ეპიდემიოლოგების მუშაობა

მარნეულში დღევანდელ შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული ამოცანები, როგორ გავზარდოთ კვლევის მასშტაბი და შესაბამისად, გავაძლიეროთ ეპიდემიოლოგების მუშაობა ადგილზე, – ამის შესახებ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხს გადაცემა „მოამბეში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის მსვლელობისას სახელმწიფო რწმუნებულმა მარნეულში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დღეს გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს იმ რისკჯგუფების გამოვლენა, რომელთაგან დაავადების გავრცელება არის მოსალოდნელი.

„დღეს სამ მუნიციპალიტეტში გახლდით, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად და ადგილზე ბატონმა ამირანმა და ეროვნული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ ადგილზე მოისმინეს ეპიდემიოლოგების ინფორმაცია შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის რისკჯგუფების გამოვლენა, საკვლევი მასალის აღება და ა.შ. ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ძალიან პროდუქტიული. ჩვენ მადლიერები ვართ ამ შეხვედრის გამო, რადგან იქვე დაისახა კონკრეტული ამოცანები, როგორ გავზარდოთ კვლევის მასშტაბი და შესაბამისად, გავაძლიეროთ ეპიდემიოლოგები ადგილზე. ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებებია, თბილისადან გვეხმარებიან, ეს დღეები ასეა, ეს მარტო დღეს არ გადაწყვეტილა.  თბილისიდან და რუსთავიდან დაემატება ჯგუფები და მაქსიმალურად გაძლიერდება ის თემა, რომ ბოლომდე სრულად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოვიცვათ პირველი კონტაქტები და ის რისკჯგუფები, რომელთაგან დაავადების გავრცელება არის მოსალოდნელი. იყო სხვა საკითხებიც მოსმენილი, მათ შორის იყო ასეთი სურვილიც, რომ მარნეულში შესაძლებელია ლაბორატორია შეიქმნას და ადგილზე, ქვემო ქართლში მოხდეს საკვლევი მასალის გადამუშავება და დასკვნების გაცემა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს პროცესს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ შეიქმნა მარნეულში მედიკოსთა დეფიციტი იქიდან გამომდინარე, რომ რაიონში ინფიცირებულთა ნაწილი სწორედ მედპერსონალს წარმოადგენს, სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ დეფიციტის შევსება სხვა მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის დედაქალაქიდან ხდება.

„დეფიციტი შექმნილია რა თქმა უნდა, თუმცა ეს დეფიციტი ივსება და არ იგრძნობა ის დანაკლისი, რომელიც პერსონალთან არის. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მარნეულში შევსება არის სხვა მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის დედაქალაქიდან. ამ ყველაფერს აბსოლუტურად დეტალურად მიჰყვება ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი სამსახურები. რა თქმა უნდა ინფიცირება იყო და ფაქტები ამის იყო, თუმცა შევსება ხდება და კომპენსირებულია ყველა ის ადამიანური და მატერიალური რესურსი, რაც უნდა იყოს ამ წუთისათვის და რაც არის გამოწვევა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ისეთ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა რეგიონში ენობრივი ბარიერის არსებობა.

„მუშევანშიც ჩანს და ისევ ვიმეორებ, რომ რეგიონი სპეციფიკურია თავისი სირთულით, ენობრივი ბარიერია და ძალიან დიდი მუშაობა გვაქვს გასაწევი იმისთვის, რომ ადამიანებმა კიდევ უფრო სრულყოფილად გაიგონ ინფორმაცია გამოწვევის შესახებ, და არ იყოს ენობრივი ბარიერი. ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტი სამუშაოა  ადგილობრივი პრესით, სოციალური ქსელით, ტელევიზიით და ასე შემდეგ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.